რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას საერთაშორისო მედია აშუქებს
რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახური საქართველოში განხორციელებული მასობრივი კიბერთავდასხმების უკან დგას, – ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას „ბიბისი“. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მასშტაბური კიბერთავდასხმა, რომლის გამოც გასულ წელს საქართველოში 2 000-მდე ვებგვერდი გაითიშა, რუსეთის მიერ იყო დაფინანსებული. „ბიბისი“ იუწყება, რომ კიბერშეტევების სამიზნე საქართველოს ეროვნული მაუწყებლებიც გახდნენ.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის ცნობით, თითქმის სარწმუნოა, რომ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახური საქართველოში განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან დგას, რომლის დროსაც რიგი ვებგვერდები დაზარალდნენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდარს ყოვლად მიუღებელი ფაქტი უწოდა.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ თავდასხმების დროს რიგ ვებგვერდებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, რომელზეც ეწერა „მე დავბრუნდები.“
„ბიბისის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის ბრალდება რუსეთის დაზვერვაზე ზეწოლის ნაწილია, მიზანი კი რუსეთის მსგავსი ქმედებების შეჩერებაა. მათივე ინფორმაციით, აქტივობა ორი წლის წინ, სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კიბერთავდასხმების სამიზნეებს შორის მედიასაშუალებებიც იყვნენ. „ბიბისი“ წერს, რომ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურისთვის მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. „ბიბისის“ მაგალითად მოჰყავს 2015 წელს, ფრანგულ „5 მონდეზე“ განხორციელებული კიბერთავდახმა, რამაც გამოიწვია საფრთხე, რომ რუსეთს მსგავსი ქმედებები სხვა ქვეყნების მედიასაშუალებების წინააღმდეგაც შეეძლო, ჩაედინა.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ეს რუსეთის მიერ სხვა ქვეყნებში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაა.
რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ცნობას აშუქებს „ფაინენშელ თაიმსიც“ . გამოცემის ცნობით, ჯგუფი, რომელიც რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის შემადგენლობაში შედის, 2017 წელს უკრაინაში განხორციელებული კიბერთავდასხმის უკანაც იდგა, რის შემდეგაც ვირუსი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და საბოლოო ჯამში, საერთაშორისო მასშტაბით 10 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია.
„ნიუ იორკ თაიმსი“ კი წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბრალდების შესახებ საჯაროდ საკმაოდ იშვიათად საუბრობს, თუმცა ექსპერტებმა ამ თავდასხმებში კრემლის კვალს მიაგნეს.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ბრალდებას მალე შეუერთდა საერთაშორისო საზოგადოება და რუსეთი კიბერთავდასხმაში რიგი ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა დაადანაშაულეს.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ კიბერთავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებამ შესაძლოა, მის წინააღმდეგ სანქციებს გზა გაუხსნას, რაც კონკრეტული რუსი პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვასა და ანგარიშების გაყინვას მოიცავს, რადგან რუსეთმა 2019 წელს მიღებული შეთანხმება დაარღვია.