„რუსეთის მიერ რეგიონის მილიტარიზაციის პირობებში ჩვენი დაცულობის ხარისხი თვისობრივად კლებულობს“
რუსეთის მიერ რეგიონის მილიტარიზაციის პირობებში ჩვენი დაცულობის ხარისხი თვისობრივად კლებულობს, – ეს განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “თბილისის სტრატეგიული დისკუსიების” კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც უშიშროების საბჭოს მდივანი ექსპერტებთან და დიპლომატებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების საკითხებს დახურულ ფორმატში განიხილავენ.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, წელს ვითარება რეგიონში ბევრი თვალსაზრისით გართულდა და ტერორიზმი კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე გახდა.
“რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ განვითარებულ პოლიტიკას თუ შევხედავთ, ის თეორიები, თითქოს რუსეთთან შეიძლებოდა მუშაობა ისეთ კონტექსტში, რომ საქართველო და ჩვენი მსგავსი გეოპოლიტიკის სხვა ქვეყნები განხილულ იქნან, როგორც შესაძლო ბუფერები და შენარჩუნებულ იქნას გლობალური სტაბილურობა, ჩემი აზრით 2008 წლიდან დაწყებული და უკრაინაში 2014 წლის ტრაგიკული მოვლენებით გაგრძელებული, რეალურად საფუძველს მოკლებულია. რუსეთი ამ პროცესებს არ განიხილავს და არ უყურებს, თუნდაც ისეთი საინტერესო პოზიციიდან, როგორიც ბუფერების პოლიტიკაა. რუსეთი ამ რეგიონებში ძალიან ნათლად ხედავს შესაძლებლობას იმისა, რომ პრივილეგირებული ინტერესები, მათ შორის სამხედრო გზით გაატაროს. ეს არის ის იდეოლოგიური ომი , ის პროპაგანდა, რომელსაც რუსეთის ფედერაცი აქტიურად ახორციელებს. დასავლეთმა წარმატებას მიაღწია, მაშინ როდესაც ცივი ომი დასრულდა არა მორიდებული პოლიტიკით საბჭოთა კავშირის მიმართ, არამედ ძალიან კონკრეტული და მიზანმიმართული სამხედრო და ეკონომიკური აღმშენებლობით. ამან მოუტანა წარმატება თავისუფალი ქვეყნების ბლოკს, ასევე ქვეყნებს, რომლებიც შემდეგ ნატო-სა და ევროკავშირის წევრები გახდნენ. შესაბამისად, როდესაც საქართველოს მომავალზე ვლაპარაკობთ, გვჯერა, რომ ჩვენ ყველას ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობთ. თუ საქართველოს როლი ადეკვატურად გააზრებული ევროპული სტაბილურობისა და დაცულობის ინტერესებიდან გამომდინარე არ იქნება და თუ მიზანი ნათლად დანახული არ იქნება, რომ საქართველოს ჩართვა ამ სტრუქტურებში რეალურად ევროპული უსაფრთხოების დასტაბილურებაა, ეს ჩემი აზრით რეალობისგან გაქცევა იქნება. რუსეთთან და ჩვენ პარტნიორებთან ნათელი და გულწრფელი გზავნილები უნდა გავგზავნოთ. ეს გამბედაობა პრობლემების გადაწყვეტას და მეტ სტაბილურობას მოიტანს”,- განაცხადა პრეზიდენტმა.