რუსეთის მიერ ოდესის ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა
რუსეთის მიერ ოდესის ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინელი სამხედროები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, რუსეთმა მორიგი საჰაერო იერიში უპილოტო საფრენი აპარატებითა და ფრთოსანი რაკეტებით განახორციელა.
უკრაინელი სამხედროების მიერ ჩამოგდებული ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სულ ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ გაშვებული 20 ირანული დრონი და ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
როგორც კიევში აცხადებენ, ღამით რუსეთმა დარტყმები მიიტანა პოლტავის სამხედრო აეროდრომზეც, სადაც დისლოცირებული იყო ტექნიკა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეტევის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და ტექნიკაც. რუსეთმა იერიში ასევე მიიტანა ხარკოვის ოლქზე.