რუსეთის მიერ ოდესაზე საჰაერო იერიშის შედეგად მრავალსართულიანი სახლი ჩამოინგრა, არის მსხვერპლი
რუსეთის მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად მრავალსართულიანი სახლი ჩამოინგრა, არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის დადასტურებულია ორი ადამიანის დაღუპვა, კიდევ შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილზე მუშაობენ მაშველები.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღამით ოდესის მიმართულებით გაშვებული რვა დრონიდან შვიდის ჩამოგდება მოხერხდა, სულ კი უკრაინის საჰაერო სივრცეში ღამის განმავლობაში განადგურებულია 14 უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმისა და დენეპროპეტროვსკის ოლქებში.
რაც შეეხება ვითარებას ფრონტზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში მოხდა 82 საბრძოლო შეტაკება. რუსეთმა სულ განახორციელა ცხრა სარაკეტო და 100 საავიაციო დარტყმა და 161-ჯერ გაისროლა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეტევების მოგერიება ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის მიმართულებით.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმები მიიტანეს რუსეთის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეკრების 13 ადგილზე. განადგურებულია სამხედრო ტექნიკა და იარაღის საწყობები.