რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა შვიდი ადამიანი, 67 კი დაშავდა
რუსეთის ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა შვიდი ადამიანი, 67 კი დაშავდა.
შესაბამის მონაცემებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სამსხურები იძულებული გახდნენ, ღამით სამაშველო სამუშაოები შეეჩერებინათ განმორებითი დარტყმების მაღალი საფრთხის გამო.
დაშავებულებს შორის პოლიციის 29 თანამშრომელი, შვიდი მაშველი და ორი ბავშვია.
რუსეთმა პოკროვსკში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები გუშინ საღამოს დაბომბა.
პოკროვსკზე განხორციელებულ დარტყმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ამბობს, რომ რუსული ტერორი უნდა შეჩერდეს.
„დონეცკის რეგიონი, ქალაქი პოკროვსკი. დონბასი, რომლისაგან რუსეთი ცდილობს, დატოვოს მხოლოდ ნანგრევები და გადამწვარი ქვები. დარტყმა განხორციელდა ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობაზე. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. მაშველები და ყველა აუცილებელი სამსახური ადგილზეა. ხალხის გადარჩენა გრძელდება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსული ტერორი. ყველა, ვინც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვის, სიცოცხლის გადამრჩენია. ყველა, ვინც ეხმარება უკრაინას ტერორისტების დამარცხებაში. რუსეთი პასუხს აგებს ყველაფრისთვის, რაც მან ჩაიდინა ამ საშინელი ომის დროს“, – წერს ზელენსკი.