რუსეთის მესაზღვრეების მიერ დაკავებული მწყემსი თავისუფალია
რუსეთის მესაზღვრეების მიერ დაკავებული მწყემსი თავისუფალია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები მწყემსი, რომელიც რუსმა მესაზღვრეებმა საზღვართან ახლოს დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს. მწყემსის სამშობლოში დაბრუნების ფაქტი საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

23 წლის დავით ვარდოშვილი სამშობლოში გვიან ღამით გადმოიყვანეს. ის ამ ეტაპზე გათვალისწინებული პროტოკოლის თანახმად, ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.

დავით ვარდოშვილი რუსმა მესაზღვრეებმა 13 ივნისს, ყადორის მთაზე, საქონლის მწყემსვისას საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მყისიერი რეაგირება, მათ შორის, ინციდენტის დეტალების დასადგენად. ასევე, პროცესში ჩართული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემათან დაკავშირებით.