რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია - მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინაში წარმომადგენლების დანიშვნა მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიების უხეში დარღვევაა
მსოფლიო პატრიარქის მიერ, უკრაინაში წარმომადგენლების დანიშვნა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიების უხეშ დარღვევად შეაფასა – ამის შესახებ TACC-ი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის, ვლადიმერ ლეგოიდის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ვლადიმერ ლეგოიდის განმარტებით, ეს ქმედება უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს.
„კონსტანტინოპოლის პატრიარქის ქმედება მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, ასევე კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტთან შეთანხმების გარეშე, მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიის უპრეცედენტო, უხეში დარღვევაა. ასეთი ქმედება კი, არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს“, – განაცხადა ვლადიმერ ლეგოიდიმ.
მსოფლიოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის სამდივნოს ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების ფარგლებში, მსოფლიო საპატრიარქო კიევში თავის წარმომადგენლებს გზავნის.