რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიაში შეიყვანა
რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერი, ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიაში დღეს შეიყვანა. ალექსეი ნავალნისთან ერთად სიაში აღმოჩნდნენ მისი თანამოაზრეებიც – ლიუბოვ სობოლი, გიორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და ვიაჩესლავ გიმადი.
აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა სიაში შეიყვანა ალექსეი ნავალნის სხვა თანამოაზრეებიც, ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი.
ალექსეი ნავალნის გარდა, ყველა მისი თანამოაზრე საზღვარგარეთ იმყოფება და რუსეთში მათზე ძებნაა გამოცხადებული. გასული წლის ივნისის თვეში, მოსკოვის სამოქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია ექსტრემისტულად გამოაცხადა, რის გამოც, მის თანამოაზრეებს ქვეყნის დატოვება მოუწიათ. თავად ნავალნი 2021 წლის იანვრის თვიდან სასჯელს იხდის „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ტერორისტებისა და ექსტრემისტების მონაცემთა ბაზაში დაახლოებით 12 ათასი ადამიანია შეყვანილი. მათთვის სახელმწიფო ზღუდავს ფინანსური ტრანზაქციების შესაძლებლობას ექსტრემისტულ ან ტერორისტულ საქმიანობაში შესაძლო ან დადასტურებული მონაწილეობის გამო.