რუსეთის გენშტაბში აცხადებენ, რომ ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ სიცრუეა, მაგრამ დონბასში კიევის ნებისმიერი პროვოკაცია აღკვეთილი იქნება
რუსეთის გენშტაბში აცხადებენ, რომ ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ სიცრუეა, მაგრამ დონბასში კიევის ნებისმიერი პროვოკაცია აღკვეთილი იქნება

ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ სიცრუეა, მაგრამ დონბასში კიევის ნებისმიერი პროვოკაცია აღკვეთილი იქნება, – ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან შეხვედრისას განაცხადა.

რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინისთვის ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატების და თვითმფრინავების მიწოდება უკრაინის ხელისუფლებას მკვეთრი და საშიში ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.

„კიევი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებას. უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის, „ჯაველინის“ გამოყენების შესახებ აცხადებენ, რომელიც შეერთებული შტატების მიერ არის მოწოდებული. ასევე, იყენებენ თურქული წარმოების სადაზვერვო-დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს. შედეგად, ამ ქვეყნის აღმოსავლეთში ისედაც დაძაბული ვითარება მწვავდება“, – აღნიშნა გერასიმოვმა.

რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკულმა სტრატეგიულმა ავიაციამ გაცილებით ხშირად დაიწყო გამოჩენა რუსეთის აღმოსავლეთ საზღვრების უშუალო სიახლოვეს და საკრუიზო რაკეტებს იყენებს.

„მხოლოდ გასულ თვეში 30-მდე გაფრენა განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორნახევარჯერ მეტია. ევროპაში ვითარების დაძაბულობა არ იკლებს. ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო აქტივობა. ნატოს 40-მდე სამხედრო წვრთნა ყოველწლიურად ტარდება რუსეთის საზღვრებთან ახლოს“, – განაცხადა ვალერი გერასიმოვმა.

რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, სახმელეთო სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში გამშვები დანადგარების 95 პროცენტზე მეტი მუდმივ მზადყოფნაშია საბრძოლო გამოყენებისთვის.