მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებაზე განსახილველი საკითხების შესახებ ისაუბრა.
როგორც ბალაშოვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კრებაზე აფხაზეთის საკითხი არ განიხილება.
„არ არის იმის წინაპირობა, რომ მოცემულ მომენტში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება ამ საკითხით იქნას დაკავებული. ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებლობა აფხაზეთში არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია. ამას ორივე ეკლესია ვეთანხმებით – რუსეთის და საქართველოს“, – განაცხადა მან.
მოსკოვში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება დღეს გაიხსნა და 4 დეკემბერს რუსეთში პატრიარქობის ინსტიტუტის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშვნით დასრულდება.
ნოემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ვიზიტი, რომლის დროს ისაუბრეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში არსებული ვითარების შესახებ.
მოსკოვის საპატრიარქოს აზრით, აუცილებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ორი ეკლესიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იქნას მოსკოვში საქართველოს ეკლესიის დელეგაციის შესაძლო ვიზიტის დროს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც ბესარიონ აპლია ხელმძღვანელობს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნით, მოსკოვის საპატრიარქოს არაერთხელ მიმართა.