რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ პრიგოჟინი ამბოხს მას შემდეგ შეეცადა, რაც აცნობეს, რომ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გარეშე „ვაგნერი“ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებდა
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა უარი განაცხადა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებაზე, უკრაინაში, რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მისი სტრუქტურის მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ აცნობეს.
როგორც კარტაპოლოვმა აღნიშნა, ამბოხის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა ფორმირებამ, რომელიც საბრძოლო ამოცანებს ასრულებს, ხელი უნდა მოაწეროს უწყებასთან კონტრაქტს. „ყველამ ამ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილების შესრულება დაიწყო. ყველამ, პრიგოჟინის გარდა“, – აღნიშნა დეპუტატმა.
რუსი კანონმდებლის თქმით, ევგენი პრიგოჟინს აცნობეს, რომ ასეთ შემთხვევაში „ვაგნერი“ არ მიიღებდა მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
„მისთვის აღარ მოხდებოდა დაფინანსების, მატერიალური საშუალებების გამოყოფა“, – განმარტა კარტაპოლოვმა და დასძინა, რომ ეს პრიგოჟინისთვის იყო „ძირითადი, თუ არა მთავარი საკითხი“.
„შეიკრიბა შემდეგი: პირველი – ფული, მეორე – სულელური და უსაზღვრო ამბიციები, მესამე – აღგზნებული მდგომარეობა. ყველაფერი ეს გადაიზარდა სახელმწიფო ღალატის მცდელობაში და საკუთარი თანამებრძოლების მოტყუებაში“, – განაცხადა დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ამბოხის მცდელობის მიზეზებზე საუბრისას.