ლუკა წულუკიძე, რომელმაც ეკატერინბურგის „ურალი“ დატოვა, კარიერას – საქართველოს თასის მფლობელ „საბურთალოში“ გააგრძელებს – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ლუკა წულუკიძე, რომელიც „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, „საბურთალოში“ დაბრუნდა. გეცოდინებათ, რომ 19 წლამდე ნაკრების ფეხბურთელს კარიერა რუსულ „ურალში“ უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა“, – წერია „საბურთალოს“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ფიფა-მ რუსეთისა და უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატების ლეგიონერ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ნება დართო, ამ ქვეყნის კლუბები დაეტოვებინათ. ამით პირველად ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ ისარგებლეს და „ურალიდან“ წამოვიდნენ.
მაშინ საფეხბურთო მენეჯერმა ირაკლი ლილუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ წულუკიძის ევროპაში წაყვანაზე ფიქრობს. მაგრამ 18 წლის ფეხბურთელის ევროპაში გადასვლა დროებით გადაიდო.
წულუკიძე უკვე გუნდს შეუერთდა და ეროვნული ლიგის მატჩისთვის ემზადება. „საბურთალო“ 14 აპრილს მე-5 ტურის გადადებულ შეხვედრაში „დინამო თბილისს“ „მიხეილ მესხი – არენაზე“ უმასპინძლებს.