რუსეთი სამხრეთ ოდესის რეგიონში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით მარცვლეულის ტერმინალებს თავს დაესხა
რუსეთი სამხრეთ ოდესის რეგიონში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით მარცვლეულის ტერმინალებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, რაკეტები ოდესის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებს მოხვდა. მტერმა გაანადგურა 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი“, – განაცხადა კიპერმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გემინიუკმა განაცხადა, რომ რაკეტები ძალიან დაბალ სიმაღლეზე იყო გაშვებული, ამიტომ მათი აღმოჩენა საკმაოდ რთული იყო, შესაბამისად, დარტყმა და განგაშის სიგნალის ჩართვა თითქმის ერთდროულად მოხდა.
„თავდაპირველად იყო ორი რაკეტა და როდესაც დაიწყო სამაშველო ოპერაცია, ხანძრის ჩაქრობა, ისევ განხორციელდა სარაკეტო დარტყმა. საბედნიეროდ, მაშველებმა თავშესაფარში მისვლა მოახერხეს, მაგრამ დაზიანდა ბევრი სასოფლო-სამეურნეო და სამაშველო ტექნიკა“, – განაცხადა გემინიუკმა.