რუსეთი ნორვეგიას არქტიკულ ბლოკადაში ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით ემუქრება
რუსეთმა ნორვეგია არქტიკულ არქიპელაგ სვალბარდში მცხოვრები რუსებისთვის საქონლის ტრანზიტის დაბლოკვაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომებით დაემუქრა.
„ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ნორვეგიის მხარემ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე გადაჭრას. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მიმართ არამეგობრული ქმედებები გამოიწვევს საპასუხო ზომებს“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთი ამტკიცებს, რომ ნორვეგიამ დაბლოკა აღჭურვილობისა და საკვების მიწოდება სტორსკოგის სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელზე, რომელიც არქიპელაგის რუსი მაღაროელებისთვის სვალბარდისკენ მიმავალ გემზე უნდა დატვირთულიყო. არქტიკულ არქიპელაგზე რუსეთის კონსულის, სერგეი გუშკინის თქმით, ტვირთი შედგებოდა 20 ტონა საქონლისგან, მათ შორის შვიდი ტონა საკვები პროდუქტებისგან, სათადარიგო ნაწილებისა და ზამთრისთვის აუცილებელი აღჭურვილობისგან.
1920 წლის პარიზის ხელშეკრულება აღიარებს ნორვეგიის სუვერენიტეტს სვალბარდზე, მაგრამ ასევე იძლევა გარანტიას, რომ 46 სხვა ხელმომწერ სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთს, თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს იქ ბუნებრივი რესურსები „სრულყოფილად თანაბარ პირობებში“. ათწლეულების მანძილზე რუსეთი და ყოფილი სსრკ ამუშავებდნენ ქვანახშირს ამ ტერიტორიებზე, სადაც 50-მდე ეროვნების 3 000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე კოსაჩოვმა ოსლო პარიზის ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა.
29 ივნისს, ნორვეგიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კიბერშეტევამ დროებით შეაფერხა საჯარო და კერძო სტრუქტურების ვებგვერდები. ნორვეგიის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, როგორც ჩანს, თავდასხმების უკან კრიმინალური პრორუსული ჯგუფი დგას.