რუსეთი ევროსაბჭოს საწევრო დავალიანების გადახდის სანაცვლოდ, „ნაციონალური დელეგაციების დისკრიმინაციის საფრთხის აღმოფხვრას ითხოვს“
რუსეთი მზად არის, ევროსაბჭოს წინაშე არსებული დავალიანება დაფაროს, თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მომავალში „ნაციონალური დელეგაციების დისკრიმინაციის საფრთხეს აღმოფხვრის“. ამის შესახებ გამოცემა „იზვესტია“ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვზე დაყრდნობით წერს.
„ასეთ შემთხვევაში რუსეთი მზად არის, არა მხოლოდ გადაიხადოს ყოველწლიური შენატანი, არამედ დაფაროს გასული ორი წლის განმავლობაში დაგროვილი დავალიანება“, – განაცხადა კოსაჩოვმა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოში საჭიროდ მიიჩნევენ ევროსაბჭოს რეფორმირებას ისე, რომ თითოეული დელეგაციის ხმის უფლება გარანტირებული იყოს.
რუსეთს ევროსაბჭოს წინაშე 60 მილიონი ევროს ოდენობის დავალიანება დაუგროვდა.
2015 წელს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება ჩამოერთვა, რის გამოც, მოსკოვმა სხდომებში მონაწილეობა, მოგვიანებით კი საწევროს გადახდა შეწყვიტა.
აპრილის სესიაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს დელეგაციის ფორმირებისა და ევროსაბჭოს ბიუჯეტში შენატანის გაკეთებისკენ მოუწოდა.