რუსეთი ბრიტანეთთან ფრენების აკრძალვას 12 იანვრამდე ახანგრძლივებს. აკრძალვის მიზეზი დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, შეზღუდვები 2021 წლის 12 იანვრის 23 საათსა და 59 წუთამდე გახანგრძლივდება“, – ნათქვამია ოპერატიული შტაბის ოფიციალურ განცხადებაში.
რუსეთმა ბრიტანეთთან ფრენები პირველად 21 დეკემბერს შეაჩერა. ამ დრომდე ერთადერთი ფრენა მოსკოვი-ლონდონის მიმართულებით რუსულმა ავიაკომპანიამ „აეროფლოტმა“ განახორციელა. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა დეკემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს. მას შემდგომ მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ ბრიტანეთთან ფრენები დროებით შეაჩერა.