აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი ეწვევიან
აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი ეწვევიან

6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, თბილისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო ეწვევიან.

სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილული იქნება ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებს დაეთმობა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ამ მიმართულებით.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მიმართავენ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის 10 წლისთავზე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა ვიზიტი ლიეტუვისა და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.