ლინას ლინკევიჩუსი - აგვისტოს ხუთმა დღემ არ შეძრა მსოფლიო, რა მოწოდებებიც გავაკეთეთ რუსეთის მისამართით, არ შესრულებულა
ლინას ლინკევიჩუსი - აგვისტოს ხუთმა დღემ არ შეძრა მსოფლიო, რა მოწოდებებიც გავაკეთეთ რუსეთის მისამართით, არ შესრულებულა

აგვისტოს ხუთმა დღემ არ შეძრა მსოფლიო, რა მოწოდებებიც გავაკეთეთ რუსეთის მისამართით, არ შესრულებულა, – ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით 6 აგვისტოს საქართველოში ჩამოვა. ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ რუსეთთან მათ ურთიერთობა განაგრძეს, რაც შეცდომა იყო.

„თბილისზე შეტევისა და მთავრობის დამხობის ძალიან დიდი საფრთხე იყო. რონალდ ასმუსმა დაწერა წიგნი „ხუთი დღე“, რომელმაც მსოფლიო შეძრა. მე ვამბობ, რომ ამ დღეებმა არ შეძრა მსოფლიო. რა მოწოდებებიც გავაკეთეთ რუსეთის მისამართით, არაფერი არ შესრულებულა. ძალიან მალე რუსეთთან გავაგრძელეთ ურთიერთობა. ეს იყო უდიდესი შეცდომა. აგრესორმა ჩათვალა, რომ შესაძლებელია ასეთი ნაბიჯების გადადგმა. მათ მიიჩნიეს, რომ 21-ე საუკუნეში შეიძლება ძალისმიერი მეთოდებით ევროპაში საზღვრების შეცვლა და ამისთვის მინიმალური ფასის გადახდაა მხოლოდ საჭირო.

საქართველოს მოყვა უკრაინა და შეიძლება, ეს კიდევ განმეორდეს სადმე. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ მივიღებთ მომხდარს გაკვეთილად. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული გვაქვს სანქციები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ სანქციებს აუცილებლად ექნება შედეგი. ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ სასურველ შედეგს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სანქციების პოლიტიკა წამგებიანია. ეს არის ერთიანი პოზიცია და ზეწოლის მექანიზმი რუსეთზე. აუცილებელია სანქციების შენარჩუნება. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ სანქციებით ნამდვილად არ ვამაყობთ. სანქციები არ არის ურთიერთოების ის სტილი და ენა, რომლითაც გვსურს ქვეყნებს ვესაუბროთ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა, რომელსაც მივმართავთ“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ის პირველ არხთან ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხზეც საუბრობს და ბუქარესტის სამიტს იხსენებს.

„ძალიან კარგად მახსოვს 2008 წლის ნატო-ს სამიტის ყველა დეტალი, როგორ ვათანხმებდით დეკლარაციის ტექსტს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ამ ჩანაწერს დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ალიანსის ლიდერები 10 წლის წინ შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. წევრობის სამოქმედო გეგმა ჩემთვის არის ტექნიკური და ბიუროკრატიული პროცესი. მთავარია პოლიტიკური დაპირება, რომ საქართველო იქნება ნატო-ს წევრი. საქართველოს აქვს წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია და არსებითი პაკეტი. საქართველოს აქვს ყველაფერი მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და აუცილებლად დადგება ამის დროც“, – აცხადებს ლინას ლინკევიჩუსი.

პირველი არხის ინფორმაციით, აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.