რუმინეთს კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტები სამკურნალოდ გერმანიის კლინიკებში გადაჰყავს
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, რუმინეთს კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტები სამკურნალოდ გერმანიის კლინიკებში გადაჰყავს. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუმინეთიდან უკვე განხორციელდა კოვიდინფიცირებული პაციენტების ტრანსპორტირება უნგრეთში, პოლონეთსა და ავსტრიაში, რადგან ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიის მეოთხე ტალღის დროს პაციენტების რეკორდულ რაოდენობას ვერ უმკლავდება.
გერმანიის საელჩოს ცნობით, გერმანელი ექიმების ჯგუფი რუმინეთში გასულ კვირას ჩავიდა, რათა განესაზღვრათ, რომელიც პაციენტების ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებით, რუმინეთში სრულად აცრილია მოსახლეობის მესამედზე ნაკლები. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, რუმინეთში ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათასს მოსახლეზე ათასს აღემატება, რაც ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.