რუმინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში ნატო-სა და პარტნიორების სპეცოპერაციების ძალების წვრთნა დაიწყო, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ
რუმინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში ნატო-სა და პარტნიორების სპეცოპერაციების ძალების წვრთნა დაიწყო, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ

რუმინეთში ნატო-ს ქვეყნებისა და პარტნიორების სპეცოპერაციების ძალების ერთობლივი წვრთნა JUNCTION STRIKE 2023 დაიწყო, – შესაბამის ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლებაში მონაწილეობს 100-მდე უცხოელი სამხედრო მოკავშირე ქვეყნებიდან, როგორებიცაა ბულგარეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი და აშშ. ამასთან, სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს პარტნიორი ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვისა და იორდანიის სამხედრო პერსონალი.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სპეციალური ოპერაციების ძალების წვრთნაში მონაწილეობს 500 რუმინელი ჯარისკაცი, ასევე ჩართულია 100 ერთეული საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტექნიკა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მრავალეროვნული სწავლება მიმართულია მონაწილე სტრუქტურების ოპერატიული თავსებადობის განვითარებისკენ ისეთი ერთობლივი მისიებისა და ოპერაციების დაგეგმვისა და შესრულების გზით, რომელთა მიზანია რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა, განსაკუთებით კი შავი ზღვის რეგიონში.

წვრთნა JUNCTION STRIKE 2023 18 მაისამდე გაგრძელდება.