რუმინეთის მთავრობა უკრაინისგან საექსპორტო კონტროლის ეფექტიანი ზომების სამოქმედო გეგმას ელოდება
რუმინეთის მთავრობა უკრაინისგან საექსპორტო კონტროლის ეფექტიანი ზომების სამოქმედო გეგმას ელოდება

რუმინეთის მთავრობა უკრაინისგან საექსპორტო კონტროლის ეფექტიანი ზომების სამოქმედო გეგმას ელოდება. ამის შესახებ ნათქვამია რუმინეთის მთავრობის განცხადებაში.

რუმინეთის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ევროკომისიის გადაწყვეტილების გამო, არ გააგრძელოს უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვები, თუმცა მზად არის, განიხილოს ექსპორტის რეგულირების კიევის გეგმა.

უკრაინის მიერ სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, რუმინეთის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას რუმინელი ფერმერების დაცვის შესაბამის ზომებთან დაკავშირებით.

მთავრობის განცხადებით, რუმინეთი მუდმივ კონტაქტზეა ევროკომისიასთან და უკრაინულ მხარესთან, რათა უზრუნველყოს, რომ უკრაინული პროდუქციის იმპორტის შედეგების შეზღუდვის ახალმა მექანიზმმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზრების დესტაბილიზაცია აიცილოს თავიდან.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკომისიამ აღარ გაახანგრძლივა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც მაისის დასაწყისიდან მოქმედებდა. ევროკომისიის განცხადებით, უკრაინას 18 სექტემბრის ბოლომდე აქვს ვადა ექსპორტის ეფექტიანი კონტროლის ზომების წარსადგენად.

ევროკავშირის მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ.