რუმინეთის კოალიციური მთავრობა აცხადებს, რომ ფერმერებთან და გადამზიდავებთან შეთანხმებას მიაღწია
რუმინეთის კოალიციური მთავრობა აცხადებს, რომ ფერმერებსა და გადამზიდავებთან შეთანხმებას მიაღწია საპროტესტო გამოსვლების დასასრულებლად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
რუმინეთში ფერმერებისა და სატვირთო მანქანის მძღოლების საპროტესტო აქციები დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ტრაქტორებით და სატვირთო მანქანებით გადაკეტეს ან შეზღუდეს მსხვილ ქალაქებთან, მათ შორის ბუქარესტთან მისასვლელი მაგისტრალები. მათ ასევე მოკლე ვადით ბლოკირებული ჰქონდათ უკრაინასთან საზღვარზე გამშვები პუნქტი და სცადეს კონსტანცას პორტის ბლოკირება.
მთავრობა ფერმერებს დაჰპირდა ზომების მიღებას დიზელზე სუბსიდიების გასაზრდელად, სუბსიდიების გადახდის დასაჩქარებლად, ასევე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პროცედურების დაჩქარებას.
პრემიერ-მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუმ და საპროტესტო აქციის მონაწილეთა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო კომიტეტის შექმნას, სადაც წარმოდგენილი იქნება რამდენიმე სამინისტრო.
ფერმერები საპროტესტო გამოსვლებს განაგრძობენ ევროპის სხვა ქვეყნებში. ისინი პროდუქციის დაბალ ფასს, გაზრდილ ხარჯებს, იაფი პროდუქციის იმპორტს და კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მთავრობის მხრიდან დათმობების ფონზე ბლოკადის მოხსნა ფერმერებმა საფრანგეთშიც დაიწყეს. ამასთან, დემონსტრანტებს ბლოკირებული აქვთ ნიდერლანდებისა და ბელგიის საზღვარი, ასევე გზები საბერძნეთში. პოლონეთში კი ფერმერთა გაერთიანებამ მომავალ კვირას მასშტაბური გაფიცვა და უკრაინის საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირება დააანონსა.