რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს მდივანი - შავი ზღვის კაბელის პროექტი კასპიის ზღვასთან და ევროპაში მდებარე ქვეყნებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, უკეთესად იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან
რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს მდივანი - შავი ზღვის კაბელის პროექტი კასპიის ზღვასთან და ევროპაში მდებარე ქვეყნებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, უკეთესად იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან

თბილისში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის სამთავრობო უწყებების პირველი მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ჯორჯ ნიკულესკუ.

შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.

რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, ჯორჯ ნიკულესკუს თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ევროპაში და კასპიის ზღვასთან მდებარე ქვეყნებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, ერთმანეთთან უკეთესად იყვნენ დაკავშირებული ამ კაბელის საშუალებით.

„პროექტის ნაწილი, რომელიც გაივლის შავ ზღვას, უაღრესად მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ყველაზე რთული ნაწილია. ეს იქნება ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელი, რომელიც აქამდე განხორციელებულა. ასე რომ, ტექნიკური თვალსაზრისით, ეს არის რეალური გამოწვევა და იმედი მაქვს, რომ კომპანიები, რომლებიც ამ პროექტს განახორციელებენ, ძალიან კარგ საქმეს გააკეთებენ. ამ პროექტის მთავარი მიზანია უკეთესი დაკავშირებულობა მნიშვნელოვან რეგიონებთან. რუმინეთის თვალსაზრისით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ენერგეტიკული წყაროების და ბუნებრივი გაზის დივერსიფიკაციის გაზიარებისკენ, რათა უკეთესად ვიყოთ დაკავშირებული რეგიონის ქვეყნებთან“, – განაცხადა ნიკულესკუმ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და „ტრანსელექტრიკას“ ხელშეწყობით განხორციელდება.

„2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა – პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა. ამ ეტაპზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე ზეგავლენისა და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები. მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.