რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი - ჩვენ გვჭირდება დამატებითი მარშრუტები კონკურენციისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ე.წ. მწვანე დერეფანი, ეს პროექტი ნამდვილად ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება
რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი - ჩვენ გვჭირდება დამატებითი მარშრუტები კონკურენციისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ე.წ. მწვანე დერეფანი, ეს პროექტი ნამდვილად ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება

ჩვენ გვჭირდება დამატებითი მარშრუტები უსაფრთხოებისთვის, კონკურენციისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არის ე.წ. მწვანე დერეფანი, – ამის შესახებ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სებასტიან ბურდუჟიმ ბუქარესტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროექტი ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება.

„ჩვენთვის ეს პროექტი ნამდვილად ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. ბევრს ვსაუბრობთ დივერსიფიცირების საჭიროებაზე. ევროპის ენერგეტიკულ რუკას თუ შევხედავთ, ბოლო რამდენიმე თვეში და ბოლო რამდენიმე დღეში, დღესაც კი, დაინახავთ, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე მაღალ საფასურს ვიხდით. ეს ხდება იმიტომ, რომ არ არის საკმარისი დივერსიფიცირება, ევროპული ბაზარი არ მუშაობს საკმარისად კარგად. ენერგიის უფრო იაფი წყაროები დასავლეთიდან ყოველთვის არ აღწევს აღმოსავლეთამდე. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება დამატებითი მარშრუტები უსაფრთხოებისთვის, კონკურენციისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არის მწვანე დერეფანი“, – განაცხადა რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთანხმებას, რომელიც შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანას უზრუნველყოფს. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. მწვანე დერეფნით აზერბაიჯანიდან განახლებადი ენერგიის ევროპაში შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირებაა დაგეგმილი. პროექტის მონაწილეები არიან აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი.