რუმინეთის ელჩი - მხარს ვუჭერთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამივე ქვეყნისთვის
რუმინეთი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამივე ქვეყნისთვის, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, – ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩმა რაზვან როტუნდუსმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას, ევროინტეგრაციის გზაზე კარგი შესაძლებლობაა.
„უპირველესად ყოვლისა, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს ქართველების დიდ მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა მათთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მათი განზრახვაა. ჩვენი მხრიდან, როგორც იცით, რუმინეთი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამივე ქვეყნისთვის, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს. ამის შემდეგ მოლაპარაკებები გაიმართება რეფორმების განვითარების შესაბამისად“, – განაცხადა ელჩმა, რომელიც ევროპის მოედანზე დღევანდელ შეკრებაში მონაწილეობდა.
მასთან ერთად, ევროპის მოედანზე იმყოფებიან ასევე ევროკავშირის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, ბულგარეთის ელჩები და სხვა საელჩოების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა, 16 ივნისს ერთად აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა.