რუმინეთის დელეგაცია აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ გაუქმდა ევროვიზიის ეროვნული ჟიურის ხმები და რატომ მიენიჭა 12 ქულა მოლდოვის ნაცვლად, უკრაინას
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე რუმინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიანა მარჩუკი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გააუქმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) რუმინეთის ეროვნული ჟიურის ხმები, მათ შორის, რატომ დაუწერა 12 ქულა უკრაინას, რომელიც ბუქარესტმა მოლდოვას მიანიჭა. როგორც იულიანა მარჩუკმა განაცხადა, რუმინეთის ჟიურიმ ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ დადგენილი ყველა წესი დაიცვა, ამიტომ გაოგნებულნი დარჩნენ, როდესაც მათი შედეგები ანულირდა. მარჩუკი ყვება, როგორ რეკავდა რეპეტიციების დროს ბუქარესტში იმის გასარკვევად, თუ როგორ მიმდინარეობდა ხმის მიცემის პროცესი.
„ბუქარესტში დავრეკე. ვიკითხე ქულების შესახებ, რადგან იმ მომენტისთვის არ ვიცოდი ამის შესახებ. ვითხოვე დეტალები, თუ როგორ იყო ჟიური ორგანიზებული სტუდიაში. გავიგე, რომ პროცესი ორგანიზებული იყო EBU-ს ყველა წესის დაცვით, ნოტარიუსის თანდასწრებით, რომელიც სტუდიაში ჟიურის წევრებამდე მოვიდა. ჟიურის წევრებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდათ, თითოეულმა ადამიანმა მოაწერა ხელი მის კუთვნილ ფურცელს. მათ ჟიურის ფინალური შედეგებიც კი არ უნახავთ. ჩვენ არ ვიცით, რა პრობლემაა ჩვენი ჟიურის ხმის მიცემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა რუმინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
გამოცემა wiwibloggs-ი წერს, რომ შაბათს ღამით, ფინალის დროს, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გამოაქვეყნა ბუნდოვანი განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათ აღმოაჩინეს „ხმის მიცემის პროცესში ხარვეზები ექვს ქვეყანას შორის (რომლებიც არ დასახელებულა) მეორე ნახევარფინალის მეორე რეპეტიციის შემდეგ. მათი ჟიურის ხმები გაუქმდა და ჩანაცვლდა „შემცვლელი ერთიანი შედეგით“ თითოეული ქვეყნისთვის, როგორც მეორე ნახევარფინალში, ასევე ფინალში.
„ამის შემდეგ გამოვლინდა ის ქვეყნები, რომელთა ხმის მიცემის პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ არის: აზერბაიჯანი, საქართველო, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი და სან მარინო. პირდაპირ ეთერში მაუწყებლობის დროს, ამ ქვეყნებიდან სამს, მათ შორის რუმინეთს, ტექნიკური სირთულეები ჰქონდა, რამაც გამოიწვია ის, რომ EBU-ს აღმასრულებელმა ზედამხედველმა, მარტინ ოსტერდალმა შედეგები თავად გამოაცხადა. გავრცელდა კადრები, სადაც ნაჩვენები იყო, რომ რუმინეთის წარმომადგენელი მზად იყო, რუმინეთის ქულები გამოეცხადებინა. ის შოკში იყო, რომ ეს ვერ შეძლო. მანამდე, კვირას დილით, რუმინეთის ტელევიზიამ ვრცელი განცხადება გაავრცელა ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე“, – აღნიშნულია wiwibloggs-ის სტატიაში.
ეროვნული ჟიურის მიერ დაწერილ ქულებთან დაკავშირებით ანალოგიური განცხადება გაავრცელა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. თუმცა ფინალურ შოუზე ქულების გამოცხადებისას აღმოჩნდა, რომ საქართველოსგან 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს მიენიჭა. ევროვიზიის ქართულმა დელეგაციამ, რომელიც კონკურსს ესწრებოდა, გააპროტესტა შექმნილი ვითარება ევროვიზიის ორგანიზატორთან, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU). ამ დროისთვის EBU-ში მიმდინარეობს მოკვლევა და მაუწყებელი ელოდება შედეგებს. ამასთანავე, მსგავსი პრობლემა შეექმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კიდევ რამდენიმე ქვეყანას, რაზეც ასევე მიმდინარეობს მოკვლევა ევროპის მაუწყებელთა კავშირში. ანალოგიური ვითარება შეიქმნა აზერბაიჯანთან დაკავშირებითაც. აზერბაიჯანის საზოგადოებრივ მაუწყებელში აცხადებენ, რომ ეროვნულმა ჟიურიმ ევროვიზიაზე 12 ქულა უკრაინას მისცა და არა – ბრიტანეთს.