აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა „ევროვიზიაზე“ 12 ქულა უკრაინას მისცა და არა - ბრიტანეთს
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა „ევროვიზიაზე“ 12 ქულა უკრაინას მისცა და არა - ბრიტანეთს

აზერბაიჯანმა „ევროვიზიაზე“ 12 ქულა უკრაინას მისცა და არა ბრიტანეთს, მსგავსი სიტუაცია კი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში იყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ თავდაპირველად პირდაპირ ეთერში გაჟღერდა პროფესიონალი ჟიურის ხმები და როდესაც აზერბაიჯანის რიგი დადგა, ითქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო შედეგებს არა ტელეწამყვანი ნარმინ სალმანოვა, არამედ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენელი გაახმოვანებდა, მსგავსი ვითარება იყო რამდენიმე სხვა ქვეყანის, მათ შორის საქართველოს შემთხვევაშიც.

„ეთერში ითქვა, რომ დიდი ბრიტანეთი აზერბაიჯანისგან 12 ქულას იღებს, დანარჩენი ქულები კი ასე გადანაწილდა – იტალია – 10 ქულა, შვედეთი – რვა ქულა, პორტუგალია – შვიდი ქულა, უკრაინა – ექვსი ქულა, ესპანეთი – ხუთი ქულა, ჰოლანდია – ოთხი ქულა, საბერძნეთი – სამი ქულა, პოლონეთი – ორი ქულა და საფრანგეთი – ერთი ქულა.

კონკურსის დასრულებისთანავე, ITV-ზე გაგრძელდა გადაცემა „საბაჰა სახლამაიქი“ (Sabaha saxlamayaq), რომელშიც განიხილეს შედეგები – ნარმინ სალმანოვამ განაცხადა, რომ მას გაუკვირდა ეკრანზე აზერბაიჯანის კენჭისყრის შედეგების ცხრილის დანახვა, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა. ტელეწამყვანმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა 12 ქულა მისცა უკრაინას და არა ბრიტანეთს, ასევე დააკონკრეტა, რომ არხს ტექნიკური პრობლემები არ ჰქონდა ევროპაში მაუწყებლობასთან დაკავშირებით. სალმანოვას თქმით, ამ საკითხზე სამართალწარმოება უკვე დაწყებულია“, – აღნიშნულია აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ანალოგიური განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გადაცემა „საბაჰა სახლამაიქის“ ხელმძღვანელმა ფარიდა რასულოვამაც გააკეთა.

„აზერბაიჯანმა 12 ქულა მისცა უკრაინას და არა ბრიტანეთს. ჩვენთან ტექნიკური პრობლემა არ ყოფილა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, – ნათქვამია ფარიდა რასულოვას განცხადებაში.

იტალიაში გამართულ ევროვიზია 2022-ის სიმღერის კონკურსზე გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. კონკურსის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს ერგო. მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.