რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა გალაცისა და ვასლუის რეგიონები დააზარალა. წაქცეულია ათობით ხე, დაზიანებულია მანქანები და ბლოკირებულია გზები. დატბორილი დასახლებებიდან ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდნ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა და სტიქიის ზონაში გაემგზავრა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, უხვი ნალექის პროგნოზის გამო მოსალოდნელი წყალდიდობისთვის ემზადებიან ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ჩეხეთი, პოლონეთი, ავსტრია, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი. ავსტრიის მთებში უხვმა ნალექმა უკვე შეაფერხა ტრანსპორტის მოძრაობა. ავსტრიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არიან საჭიროების შემთხვევაში რეგიონში ათასამდე სამხედრო განათავსოს.

როგორც „ბიბისი“ წერს, წყალდიდობისგან დამცავ ზომებს ატარებენ ჩეხეთის დედაქალაქში. ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო ჩეხეთში გაუქმდა საფეხბურთო მატჩები და კულტურული ღონისძიებებიც. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მთავრობის კრიზისების მართვის შტაბის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანას რთული შაბათ-კვირა ელოდება და ხელისუფლება ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა იყოს მზად.

მედიის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გაემგზავრა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ვროცლავში, სადაც მოსალოდნელია წყალდიდობა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვის შესახებ გააფრთხილა და სურსათის მომარაგებისკენ მოუწოდა.