რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია

რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს. როგორც რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია. შემოყვანიდან ამ დრომდე მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა. მიმდინარეობს მკურნალობა. გარკვეული სქემები არსებობს, რეკომენდაციები, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. სწორედ ამ რეჟიმში მიდის მკურნალობა, დანარჩენს დრო გვიჩვენებს“,- განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ 19“-ზე გამოსაკვლევად გაგზავნილია 15 ნიმუში, ამათგან ხუთი პაციენტია, ათი კი მედპერსონალია.

„მედპერსონალის წარმომადგენლების გადამოწმება სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ჩვენ არ წარმოვადგენდეთ ინფექციის გავრცელების წყაროს.

რაც შეეხება ბავშვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, არ აღენიშება ცხელება, გვიან ღამით იქნება პასუხები და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – აცხადებს ნიკოლოზ ქარცივაძე.