რუხის საავადმყოფოში 10 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთი კოვიდინფიცირებულია
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში 10 პაციენტი გადის მკურნალობის. აქედან, ხუთი კოვიდინფიცირებულია. ოთხი არის ზუგდიდელი 42 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერიდან, ერთი კი – დღეს დაფიქსირებული ახალი შემთხვევა. საუბარია 70 წლამდე მამაკაცზე, რომელსაც სუსტად დადებითი პასუხი აქვს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის დირექტორი ნანა ოდიშარია აცხადებს, რომ ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, ასევე ლაბორატორიული კვლევებიც.
„მამაკაცის სისხლის ნიმუში ლუგარის ცენტრშია გაგზავნილი. ანალიზი მოგვცემს პასუხს, გადატანილი აქვს თუ არა კორონავირუსი, არის თუ არა ეს ნარჩენი მოვლენები თუ ახალი შემთხვევაა“, – განაცხადა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, პასუხი ლუგარის ცენტრიდან ხვალ საღამოს ექნებათ. მამაკაცი რუსეთიდან 12 ივნისს ლარსის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. როგორც ნანა ოდიშარია ამბობს, საზღვარზე მამაკაცს ჩაუტარდა „პისიარ“ კვლევა და პასუხი უარყოფითი იყო. ის გადაყვანილი იყო კარანტინში. მისივე ინფორმაციით, 14 ივნისს მამაკაცი ზუგდიდში ძმის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. „პისიარ“ კვლევა კორონავირუსზე მამაკაცს გუშინ და დღეს ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში პასუხი იყო სუსტად დადებითი. უკვე მოძიებულია მამაკაცის შვიდი კონტაქტი, ისინი გადაყვანილი არიან ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში. ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება გრძელდება.