რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს კოვიდინფიცირებული სამი ახალი პაციენტი ჰყავს.
როგორც კლინიკის დირექტორი ირაკლი გვაზავა აცხადებს, ახალი პაციენტები კლინიკაში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.
მისი თქმით, ისინი საკარანტინო სივრცეში 14 დღე იმყოფებოდნენ და ახალო კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნებოდათ.
„გაწერის წინა დღეს სამივე მათგანს „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდათ. სამივე აღმოჩნდა დადებითი. ერთ გოგონასთან არის დედა, თუმცა მას არ დაუდასტურდა, მაგრამ აქ იმყოფება და ხელახლა გაიტესტება. პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე, მათ უტარდებათ გაიდლაინებით გაწერილი კვლევა. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის არის საშუალო ან მსუბუქი სიმძიმის“, – აცხადებს ირაკლი გვაზავა.
რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული სულ ოთხი პაციენტი მკურნალობს. ბოლო სამი შემთხვევა ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერის პირველადი კონტაქტებია. ერთ ინფიცირებულს კი, თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ამასთან, ცხელებით რუხის საავადმყოფოში ცხრა პაციენტია მოთავსებული, ტესტირება ყველას ჩაუტარდა, პასუხები უარყოფითია და მათ სავარაუდოდ დღეს გაწერენ.