რუხის საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, კლინიკაში მოთავსებულ ახალ პაციენტს სავარაუდოდ კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს
რუხის საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, კლინიკაში მოთავსებულ ახალ პაციენტს სავარაუდოდ კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის რვა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ხუთი კოვიდინფიცირებულია. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულებს შორის ერთი ახალი შემთხვევაა.

ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამჟამად მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და ზუსტი პასუხი საღამოს იქნება.

„ახალი პაციენტის პისიარპასუხი არის დადებითი. ის ითვლება კივიდინფიცირებულად. ის იმყოფება ჩვენს კლინიკაში. მისი პრეისტორია ასე გამოიყურება: რამდენიმე დღის წინ ამ პირის მიერ იყო რუსეთის საზღვრის კვეთა. განისაზღვრა საკარანტინო ზონაში პისიარი, სადაც იყო უარყოფითი შედეგი. შემდეგ მას ჰქონდა ვიზიტი ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზუგდიდში. აქ, ადგილზე ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარდა ანტისხეულებისა და ანტიგენების სწრაფი ტესტი, ანტისხეულების პასუხები მივიღეთ დადებითი, მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. გადამოწმდა პისიარი, რომელზეც მიღებულია სუსტად დადებითი პასუხი“, – აღნიშნა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

​მისივე თქმით, კლინიკაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ პაციენტს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.

„მე ვფიქრობ, რომ პანიკის საფუძველი არანაირად არ არის, რადგან ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ პაციენტის ღრმა კვლევა. ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი სისხლის ნიმუში. დღეს საღამოს გახდება ცნობილი ანტისხეულების შესახებ უფრო ამომწურავი ინფორმაცია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პაციენტს აქვს გადატანილი ეს ინფექცია და ამჟამად ის სუსტად დადებითი პასუხი შეიძლება, იყოს ამ ფაზისთვის დამახასიათებელი, თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ შედეგებს. რაც შეეხება ჩვენთან ჩატარებულ კვლევებს, არც ერთ მონაცემი არ არის, რომ პაციენტს მწვავე ფაზაში ჰქონდეს ეს ინფექცია“, – აცხადებს ნიკოლოზ ქარცივაძე.

მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ოთხი პაციენტის განმეორებითი შუალედური კვლევა უახლოეს დღეებში ჩატარდება.