რუხის საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუხის საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

გუშინ, გვიან ღამით რუხის საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს კორონავირუსით ინფიცირებული ხანდაზმული ქალბატონი. პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ახლო ნათესავია. მას 16 მაისს დაუდასტურდა „კოვიდ-19“.

რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, რომ ქალის გადაყვანის მიზეზი გახდა მის კვლევებში ასახული ცვლილებები.

„გუშინ მოხდა ხანდაზმული ქალბატონის გადაყვანა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. გადაყვანის მიზეზი გახდა მის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებში გამოსახული ცვლილებები, რომლებიც საჭიროებდა ჰემატოლოგიურ მენეჯმენტს და შესაძლებელი გამხდარიყო ინტენსიური თერაპიის ჩართულობა. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა მისი გადაყვანა შესაბამის კლინიკაში“, – აღნიშნა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოს სტაციონარში მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გართულებების გარეშე და გეგმურ რეჟიმში ხდება მათი მკურნალობა“, – დასძინა რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა.