რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანეს
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, რუხის კლინიკაში, ამ დროისთვის ცხრა პაციენტი მკურნალობს.
„ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ დაგვემატა ერთი პაციენტი აფხაზეთიდან და ერთი საკარანტინე სივრციდან“, – განაცხადა აკობიამ.
ამასთან, ექიმის ინფორმაციით, „პისიარ“ ტესტირება 18 პირს ჩაუტარდა.
30 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209.