რუხის კლინიკაში მოთავსებული ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
რუხის კლინიკაში მოთავსებული ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ირაკლი გვაზავამ განუცხადა.
„ამჟამად გვყავს ოთხი ინფიცირებული, ყველას მდგომარეობა სტაბილურია, რაც შეეხება ცხელების ცენტრს – ექვს პაციენტს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე, ყველა პასუხი უარყოფითია“, – აცხადებს ირაკლი გვაზავა.
მისივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ვირუსი მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს.
კოვიდინფიცირებული სამი პაციენტი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერის პირველადი კონტაქტებია, ხოლო ერთს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ყველა მათგანი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.