რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, მეხუთე პაციენტი გუშინ დაემატათ. საუბარია ზუგდიდის მკვიდრზე, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
ქარცივაძის ინფორმაციით, ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„ერთი პაციენტი დაგვემატა, რომელიც 14 რიცხვში შემოვიდა. გუშინ დადასტურდა კოვიდინფექციის არსებობა. ეს არის საშუალო ასაკის მამაკაცი. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ საყურადღებოა, რადგან ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა ცხადყო პერიოდული პრობლემები. აქვს ორმხრივი პნევმონია აქვს. მისი სხვა კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა ჯერ არ დგას. ცხელების ცენტრში 14 პაციენტი მკურნალობს. მუდმივად ხდება პაციენტების შემოსვლა, პარალელურ რეჟიმში ხდება გატესტვა და პაციენტების გაწერა. გუშინ ჩატარდა ხუთი პაციენტის ტესტირება, ამდენივესი იგეგმება დღეს“, – აცხადებს ნიკოლოზ ქარცივაძე.