რუხის კლინიკას დღეს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი დატოვებს
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს დღეს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი დატოვებს.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, ორივე პაციენტს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა, ასევე ზედიზედ ორი „პისიარ“ კვლევა კორონავირუსზე და ორივე პასუხი უარყოფითია.
აღნიშნული პირები კარანტინის სივრცეში გადავლენ, სადაც მათ კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტი კორონავირუსზე. ორივე პაციენტი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერია. ისინი რუხის კლინიკაში 11 მაისიდან მკურნალობდნენ.
„დღეის მდგომარეობით, გვყავს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც არიან ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან. პაციენტები შემოვიდნენ 16 დღის წინ, ჩაუტარდათ სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევები, ვირუსი წარმატებით დაემორჩილა სამკურნალო ღონისძიებებს. ჩატარდა ორი „პისიარ“ კვლევა და უარყოფითი პასუხები მოვიდა. კლინიკიდან გასვლის შემდეგ ისინი გადავლენ კარანტინის სივრცეში, რადგან კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდნენ. თუმცა ამ მომენტისთვის, პაციენტები სრულად ჯანმრთელები არიან ვირუსისგან“, – აცხადებს რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი.
ამ დროისთვის რუხის კლინიკაში სულ 24 პაციენტია, მათ შორის 11 რჩება „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით. დანარჩენები კი, სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების ნიშნებით შეიყვანეს. მათი მკურნალობის კურსი სტაბილურად მიმდინარეობს.