რუისთან ავარიისას დაშავებულები გორისა და თბილისის საავადმყოფოებში არიან მოთავსებული
რუისთან ავარიისას დაშავებულები გორისა და თბილისის საავადმყოფოებში არიან მოთავსებული

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, დაბა რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სომხეთის სამი მოქალაქე გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ რჩება.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, 14 და 16 წლის მოზარდები ტრავმული შოკით რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ერთ-ერთ მათგანს თბილისში, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ექიმების ინფორმაციით, ბეჭის ძვლის მოტეხილობით 36 წლის ქალი პალატაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტები ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ, მიმდინარეობს დაკვირვება.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, ისინი ქარელის საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევას რუისთან სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია ერთი ქალი და ორი მცირეწლოვანი. დაღუპულები და დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან.