რთველის საკოორდინაციო შტაბი - 5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა
რთველის საკოორდინაციო შტაბი - 5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

​რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, 5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. აქედან 3,6 ათას ტონამდე საფერავია, 2,4 ათასი ტონა რქაწითელი, 1,5 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს. მათივე ცნობით, რთველის პროცესში სააგენტო ჩართულია მოსავლის აღრიცხვიანობის მიმართულებით და არ ერევა ფასწარმოქმნასა და თავისუფალი ბაზრის რეგულაციაში.

ამასთან, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამუშავების პროცესში 23 ღვინის საწარმოა ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში 160 ღვინის მწარმოებელი კომპანიაა დარეგისტრირებული.

მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.