როსტომ და ნატო ჩხეიძეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე დასწრებას ამ ეტაპზე არ აპირებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ
როსტომ და ნატო ჩხეიძეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე დასწრებას ამ ეტაპზე არ აპირებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ

ოპოზიციონერი დეპუტატები, როსტომ და ნატო ჩხეიძეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე დასწრებას ამ ეტაპზე არ აპირებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ.

„ჩემთვის მიუღებელია პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ეს არის შემთხვევა, როცა კონსტიტუციის დამრღვევები პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას ედავებიან. ამიტომ, არ შეიძლება, ამის მომხრე ვიყო. რაკი პრეზიდენტმა ისურვა, რომ გარეთ იყოს ოპოზიცია, რომელსაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არასწორი ქმედებაა, მაშინ მეც ამას გავითვალისწინებ. შეიძლება, მან გადაწყვეტილება შეცვალოს, თქვას, რომ დაესწროს ოპოზიცია და ასე გამოხატოს თავისი აზრი – მაშინ ვითარების მიხედვით მოვიქცევი“, – განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას აზრის გამოთქმა მნიშვნელოვანია, თუმცა კენჭისყრის პროცესში დარბაზში არ იქნება.

„ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა ხვალ დაიწყება, მაგრამ ხვალ არ დასრულდება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ვინც მხარს მიჭერს, იყავით დარბაზს გარეთო, თუმცა საკითხის განხილვა თუ იქნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აზრის გამოთქმა. ასე რომ, ვნახოთ. კენჭისყრის დროს დარბაზში არ ვიქნები, მაგრამ კენჭისყრამდე როგორ განვითარდება პროცესი, კონკრეტულად გადაწყდება ხვალ დილით და ამის მიხედვით მოვიქცევი“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა: „არ გადავდგები, არ გადმოვდგები, პარლამენტშიც მივალ. მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, ძლიერი სურათი თუ უნდათ, გარეთ დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით მე ვიქნები“. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში 18 ოქტომბერს დაიწყება.