„როსნეფტის“ ხელმძღვანელი აშშ-ს ენერგეტიკის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს
რუსეთის ენერგოკომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი ამერიკის შეერთებულ შტატებს ენერგეტიკის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სეჩინმა სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის ენერგეტიკის „ოქროს ხანა“ სხვა ქვეყნებისთვის ენერგეტიკული კოლონიალიზმის ერად იქცა.
„ზოგიერთ კომენტატორს უყვარს რუსეთის დადანაშაულება ენერგეტიკის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაში. თუმცა დღევანდელი ცხოვრების რეალობის უდავო ფაქტია ის, რომ ენერგეტიკას როგორც პოლიტიკურ იარაღს მასშტაბურად იყენებს აშშ. სანქციების დაწესებას ან მათი გამოყენების მუქარასაც კი, მსოფლიო ენერგეტიკის ეკოსისტემაზე დამანგრეველი ზეგავლენა აქვს“, – განაცხადა იგორ სეჩინმა.
იგორ სეჩინის თქმით, მსოფლიოში ნავთობის რეზერვების მესამედი ბლოკირებულია ამერიკული სანქციებით, რომლებიც ვაშინგტონმა ირანსა და ვენესუელას დაუწესა.
„აშშ ცდილობს დააჩქაროს არა მხოლოდ თავისი ეკონომიკური განვითარება, არამედ შეაფერხოს ძირითადი კონკურენტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა, რაც ამერიკას სულ უფრო აკარგვინებს მორალურ ლიდერობას, რადგან ისტორიულად ეს ქვეყანა ყოველთვის იყო ღია ბაზრისა და კონკურენციის იდეოლოგი“, – განაცხადა „როსნეფტის“ ხელმძღვანელმა.