როს უილსონი - ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოვლენები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერებისთვის, თუმცა ამ ქვეყნის მომავალი არის აქ
ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერებისთვის, თუმცა ამ ქვეყნის მომავალი აქ არის, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ლიეჟში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შეკრებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, მათი პოლიტიკა დღევანდელ საქართველოზეა ორიენტირებული.
„ამის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცი. ის, რაც დილით მოკლედ შემატყობინეს. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი პოლიტიკა აქ ორიენტირებულია დღევანდელ საქართველოზე, პრეზიდენტზე, ამ ქვეყნის ლიდერებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობაზე, რათა დავეხმაროთ მათ დემოკრატიის განმტკიცებაში, კეთილდღეობასა და საქართველოს დასავლეთთან კავშირების გაძლიერებაში.
ეს არის ის, რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბატონი სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერებისთვის. თუმცა ამ ქვეყნის მომავალი აქ არის და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ვიხილოთ ყველა პოლიტიკური ძალის ძალისხმევა სწორედ ამ მომავლისთვის“,- განაცხადა როს უილსონმა.
ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს გუშინ შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.
შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.