როს უილსონი - კონგრესის ორპარტიული კანონპროექტი საქართველოსადმი მხარდაჭერას ასახავს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით, კონგრესის მიერ მიღებული ორპარტიული კანონპროექტი საქართველოსადმი მხარდაჭერას ასახავს. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტით აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას, სავაჭრო და ეკონომიკური განვითარებას.
„არის ფართო ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. საქართველოს დემოკრატიული განვითარების, სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების მიმართ. უკვე მრავალი წელია, სენატში მიღებული კანონპროექტები და მხარდაჭერის აქტები ასახავს ამ მხარდაჭერას“, – განაცხადა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.