რომში პანდემიასთან ბრძოლაში გლობალური ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, ჯანდაცვის სამიტი გაიმართა
რომში პანდემიასთან ბრძოლაში გლობალური ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, ჯანდაცვის სამიტი გაიმართა

რომში „G20”-ის გლობალური ჯანდაცვის სამიტი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა პანდემიასთან ბრძოლაში გლობალური ძალისხმევის კოორდინაციას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ვირტუალურ სამიტში მსოფლიოს 20 მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები და 12 არასამთავრობო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აფრიკის კავშირი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ღარიბი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდებისა და ვაქცინის მწარმოებელი ცენტრების გახსნის საკითხები იყო.

ვაქცინის მსხვილმა მწარმოებლებმა „ფაიზერმა“ და „ბიოენტექმა“, ასევე  „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ პირობა დადეს, რომ ღარიბ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებს წლის ბოლომდე 1.2 მილიარდ დოზას მიაწვდიან.

განვითარებადი ქვეყნებისთვის 100 მილიონი დოზა ვაქცინის გამოყოფის თაობაზე განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ასევე, 30-30 მილიონი დოზა ვაქცინის გადაცემას გეგმავენ საფრანგეთი და გერმანიაც.

გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი ერთი მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს აფრიკაში, „კოვიდ-19”-ის ვაქცინების წარმოების ცენტრების ასაშენებლად.

განვითარებად ქვეყნებს, პოსტპანდემიური ეკონომიკის აღსადგენად დახმარება აღუთქვა ჩინეთის ლიდერმაც, რომლის განცხადებით, ჩინეთი 3 წლის განმავლობაში სამ მილიარდ დოლარს გამოყოფს.

სამიტზე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას, რათა წლის ბოლომდე მსოფლიო მოსახლეობის 40 პროცენტი აიცრას „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, ხოლო 2022 წლის დასაწყისისთვის 60 პროცენტი.

სამიტზე, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების გასაზრდელად, ნებაყოფლობითი მოქმედების დეკლარაციის მიღება იგეგმებოდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.