რომის პაპი - ევროპას შეგვიძლია, ვკითხოთ, სად მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს გზას უკრაინაში ომის და ამდენი სისხლისღვრის გამომწვევი კონფლიქტების დასასრულებლად
რომის პაპ ფრანცისკეს ეჭვი ეპარება, რომ დასავლეთის ქვეყნები სწორი მიმართულებით მოძრაობენ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ინფორმაციას „ვატიკან ნიუსი“ ავრცელებს.
„ევროპისადმი ღრმა სიყვარულით და დიალოგის სულისკვეთებით, რომელიც განასხვავებს ამ კონტინენტს, შეგვიძლია, ვკითხოთ მას: „სად მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს მშვიდობის გზას, კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის და ამდენი სისხლისღვრის გამომწვევი კონფლიქტების დასასრულებლად?“ – აღნიშნა პაპმა.
პონტიფიკოსმა დაგმო იარაღის წარმოებაში ინვესტიციების ზრდა და აღნიშნა, რომ იარაღი არ არის სამომავლო ინვესტიცია, მას შეუძლია ადამიანური კაპიტალის ამოწურვა, ისეთის, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვა და სახელმწიფოებრივი კეთილდღეობა.
„აუცილებელია განვითარდეს სამშვიდობო დიპლომატია, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მოგვარებისა და დაძაბულობის შესამცირებლად“, – განაცხადა პაპმა.