რომის პაპი - ჩვენ გავედით ომების მიღმა, ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი, გთხოვთ, წავიდეთ წინ მშვიდობისთვის
ჩვენ გავედით ომების მიღმა, ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომზე საუბრისას განაცხადა.
კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, ის შეხვდა დელეგაციას ისრაელიდან, რომელთა ნათესავებიც მძევლად ჰყავთ ღაზის სექტორში და პალესტინელების დელეგაციას, რომლებსაც ნათესავები ჰყავთ ისრაელის ციხეებში.
„ისინი ძალიან იტანჯებიან და გავიგე, როგორ იტანჯება ორივე მხარე. ეს არის ის, რაც ომების დროს ხდება, მაგრამ აქ ჩვენ გავედით ომის ფარგლებს გარეთ. ეს არ არის ომი. ეს არის ტერორიზმი. გთხოვთ, მოდით, წავიდეთ წინ მშვიდობისთვის. ილოცეთ მშვიდობისთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.