რომეო მიქაუტაძე - ჰესების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მესტიის მოსახლეობის იმ ჯგუფს ხვდება, რომელთაც კითხვები აქვთ „მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები მათ მიერვე მოწვეულ დარგის სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობენ. შეხვედრას ესწრებიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჰესის მშენებელი კომპანიის „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენლებიც.
შეხვედრაზე მონაწილეები დეტალურად ისაუბრებენ ჰესის გარემოზე ზემოქმედების, სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, წყალსაცავის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით.
„ჰესების ყველა პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოში იგეგმება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ ავუხსნით ამას მოსახლეობას, დეტალურად ვისაუბრებთ იმაზეც, რომ აღნიშნული ჰესები არ არის რაიმე საფრთხის შემცველი გარემოსთვის და ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები, რომ მოქალაქეებს არ დარჩეთ პასუხგაუცემელი კითხვები. „მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობა უკვე დაწყებულია, გავლილია ყველა საჭირო იურიდიული და ტექნიკური პროცედურა წესების სრული დაცვით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად“, – აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა გაიმართა და მთავრობა მუდმივად მზად არის ამ საკითხზე კომუნიკაციისთვის.
„მუდმივ კომუნიკაციაში ვარ მესტიელებთან, პირადად არაერთხელ ვიყავი ჩასული მესტიაში და შევხვდი მოსახლეობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თითოეული პროექტი, რომელიც ხორციელდება ჰიდრორესურსების ათვისების მიმართულებით, მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე გადის რამდენიმე საფეხურს. მე ვიცი, რის საფუძველზე გადავიდა „მესტიაჭალაჰესი“ მშენებლობის ეტაპზე და კიდევ ერთხელ, დეტალურად ავუხსნი ამას მესტიელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რაციონალურად შეხედავენ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „მესტიაჭალა ჰესი1“-ის და „მესტიაჭალა ჰესი 2“-ის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 50 მგვტს (20+30), საერთო გამომუშავებით 170 მლნ.კვტ.სთ. პროექტების საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ. აშშ დოლარია. ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებზე (სხვადასხვა ეტაპზე) 300 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მშენებლობის შემდეგ ჰესზე მუდმივად დასაქმდება 15 ადამიანი. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ყოველწლიურად ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით 1,5 მლნ ლარი შევა.