რომეო მიქაუტაძემ გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესაძლებლობები განიხილა
რომეო მიქაუტაძემ გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესაძლებლობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს ტატიანა მოლჩანს შეხვდა.

შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორგანიზებით მიმდინარე მდგრადი ენერგეტიკის კომიტეტის 32-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას ასევე დაესწრო ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი ალექსანდრე მაისურაძე. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობა გაერო-ს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან მდგრადი ენერგეტიკის მიმართულებით.

აღინიშნა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სათბურის გაზების ემისიების შემცირება, მდგრადი ენერგეტიკული სისტემების გაძლიერება, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, სექტორის გაციფრულება და სხვა. განსაკუთრებული ხაზი გაესვა კოოპერაციას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით.

რომეო მიქაუტაძემ გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციები გააცნო, აგრეთვე ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე, როგორც ევროპაში ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის, ასევე საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდისა და რეგიონში მწვანე ენერგეტიკის განვითარების სტიმულირების მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული სექტორის გაციფრულებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის წევრ ქვეყნებს შორის შესაძლებლობების გაძლიერებასა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემების შესახებ მონაცემების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბარიერების მოხსნას.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.