ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ერთი წლით გადავადდება.
მიქაუტაძის განმარტებით, მიზეზი რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებაა.
„ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადადება ერთი წლით მთავრობაზე ინიცირდება. როგორც შარშან, წელსაც რეგიონში არსებული მოვლენებიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ფასების, სტაბილიზების, ზოგადად იმ ტურბულენტური გარემოდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელშიც ვიმყოფებით ყველანი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უკვე მეექვსედ გადავადდა. მისი ამოქმედების ბოლო თარიღი მიმდინარე წლის პირველი ივლისი იყო.
ენერგეტიკული ბირჟა არის თავისუფალი, საბითუმო ბაზარი, სადაც მსხვილ საწარმოებს შესაძლებლობა ექნებათ, ელექტროენერგიის შესასყიდად პირდაპირ ბირჟაზე ივაჭრონ და ჰესების მფლობელებთან ხელშეკრულებები დამოუკიდებლად გააფორმონ. მსხვილი კომპანიების გასვლამ თავისუფალ ბაზარზე სამომხმარებლო ტარიფზე ზეწოლა უნდა შეამსუბუქოს.