რომან კაკულია - საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის უფლება კომერციულ ტელევიზიებთან მიმართებაში სამართლიანი არ იქნება
არის ორი საკითხი, რომელზეც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ვერ თანხმდება. ერთ-ერთი არის „საზოგადოებრივი მაუწყებელში“ რეკლამასთან დაკავშირებული თემა, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ პარლამენტში, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე მეორე მოსმენით მსჯელობისას განაცხადა.
მისი თქმით, კომიტეტი აბსოლუტურად გაგებით მოეკიდა იმ მოტივაციას, რომელიც წარმოდგენილი იყო მაუწყებლის მიერ განხილვების პროცესში, რაც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაციის დამყარებას პოტენციური რეკლამის მომწოდებლებთან.
„ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. ასევე გასაგებია, რომ სტიმულირებისთვის ჟურნალისტების ერთ-ერთი კარგი მეთოდი შესაძლებელია იყოს, მათი ჩართულობა სწორედ ხელფასის ნაწილში, რეკლამიდან მოპოვებული შემოსავლებით. თუმცა, ჩვენთვის როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის, ამოსავალი წერტილი იყო ზოგადად კონკურენციის კუთხით შეხედვა ამ საკითხის და ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტია ის, რომ მთლიანად სარეკლამო ბაზარზე განსაკუთრებით ახლად შექმნილი ტელევიზიებისთვის, ეს არ იქნებოდა სამართლიანი მიდგომა“, – განაცხადა რომან კაკულია.
მისივე თქმით, კომიტეტმა ასევე გადახედა საერთაშორისო პრაქტიკას და გამოთქვა იმედი, სამომავლოდ შესაძლებელია ასეთ მიდგომაზე მსჯელობა, როდესაც კომერციული ტელევიზიების განვითარების დონე იქნება გაცილებით თვისობრივად მაღალ სტანდარტზე აყვანილი.
რაც შეეხება სტარტაპებთან დაკავშირებულ ჩანაწერს, რომან კაკულიას განცხადებით, იქ შეიცვალა ფორმულირება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის ხარისხი გაიზარდა.
„ თუმცა გამჭვირვალობის მოთხოვნა არ იყო ჩვენი პოზიციის მთავარი მოტივაცია. ჩვენი პოზიციის მთავარი არგუმენტი გახლდათ ის, რომ ასეთი და ნებისმიერი სხვა ტიპის ინიციატივა, რომლისთვისაც შეიძლება არსებობდეს ბაზარი, მაგრამ არ არსებობდეს შესაბამისი თანხები დღეს, მთლიანობაში სახელმწიფოში უნდა დარეგულირდეს ერთიანი მიდგომის საფუძველზე, რათა მომავალში ჩვენ ორმაგი სტანდარტით არ მოგვიწიოს მიდგომა სხვა რომელიმე ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ანალოგიური ტიპის პრობლემას დააყენებენ. ამ ორი პრობლების გამო ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ აღნიშნულ კანონპროექტს“, – აღნიშნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.